X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ბაღდათისა და რუსთავის პარკების საკონკურსო კონცეფციები განიხილეს

24 აპრილი 2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდში ბაღდათისა და რუსთავის მრავალფუნქციური პარკების არქიტექტურული კონცეფციების საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.

საკონკურსო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები - ილია ბეგიაშვილი და ბათუ გურჯიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და მისი მოადგილეები, იმერეთისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულები - ლევან ზალკალიანი და ილია ჯალაღანია, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.

კომისიამ ბაღდათის პარკის ოთხი კონცეფცია განიხილა. პროექტი ითვალისწინებს მდინარე ხანისწყლის მიმდებარედ თანამედროვე რეკრეაციული სივრცის მოწყობას, რომელიც გააერთიანებს დასასვენებელ, სპორტულ, გასართობ და ტურისტულ ფუნქციებს. პარკში მოეწყობა საბავშვო და სპორტული ზონები, საფეხმავლო და ველობილიკები, გამწვანებული სივრცეები, პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი და ღია სცენა. ასევე დაგეგმილია შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება. პროექტი გააუმჯობესებს ბაღდათის ურბანულ გარემოს, გაზრდის ტურისტულ მიმზიდველობას და შექმნის ახალ საჯარო სივრცეს როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის.

ბაღდათის მრავალფუნქციური პარკის გამარჯვებულ არქიტექტურულ კონცეფციაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია უახლოეს დღეებში მიიღებს.

საკონკურსო კომისიამ ასევე განიხილა ქალაქ რუსთავში, დაახლოებით 51 ჰა ფართობის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სარეკრეაციო პარკის რეაბილიტაციის ორი არქიტექტურული კონცეფცია. პროექტი ითვალისწინებს საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლის განახლებას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული სივრცის შექმნას. დაგეგმილია რეკრეაციული, სპორტული და კულტურული ზონების განვითარება, არსებული ობიექტების რეაბილიტაცია, ტბისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე საინჟინრო და უსაფრთხოების სისტემების მოწყობა.

კომისიამ იმსჯელა წარმოდგენილ კონცეფციებზე და შეთანხმდა, რომ უფრო სრულყოფილი და კონკურენტუნარიანი არქიტექტურული გადაწყვეტების მისაღებად დამატებით იმსჯელებს კონკურსის ხელახალ გამოცხადებაზე დაზუსტებული ტექნიკური დავალებით, ვინაიდან წარმოდგენილი წინადადებები ნაწილობრივ პასუხობს პროექტის მასშტაბსა და ფუნქციურ მოთხოვნებს. საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია რამდენიმე დღეში მიიღებს.